პარლამენტთან აქცია დასრულებულია, თუმცა პროტესტი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება - მოძრაობა სახელწოდებით "სოცაფეთქება" რეგულაციების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას ითხოვს.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, თეატრალიზებული ფორმით გამოხატეს უკმაყოფილება მთავრობის მისამართით.
სხვადასხვა სახის საპროტესტო შეკრება იმ დრომდე გაიმართება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება - ასეთია აქციის მონაწილეთა გზავნილი ხელისუფლების მისამართით.
აქციაზე იმყოფებიან ფიტნეს ინსტრუქტორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ქორეოგრაფიული ასოციაციის წარმომადგენლები. ისინი მუშაობის დაწყებას ითხოვენ, თუმცა რეგულაციების დაცვით.
ხმაურიანი შეძახილების პარალელურად, მომიტინგეები ხელისუფლებას ვითარებიდან გამოსვლის საკუთარ ხედვასაც სთავაზობენ. ისინი საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ, რომელსაც ამ დროისთვის 150 ადამიანი აწერს ხელს.
"მომზადდა ახალგაზრდა იურისტების მიერ ძალიან კარგი საკონსტიტუციო სარჩელი. ამ მომენტისათვის 150 ადამიანი აწერს ხელს. მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ გააუქმოს და სცნოს უკანონოდ ის რეგულაციები და ის ქმედება, რომელსაც ახლა საკოორდინაციო საბჭო ახორციელებს," - ამბობს მოძრაობის "დაიცავი მთის კურორტები" დამფუძნებელი, გეგი სალუქვაძე.
პარლამენტთან, დღეს საღამოს კიდევ ერთი შეკრება იგეგმება. მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებით აქცია სახელწოდებით "დაუმორჩილებლობის მარში" საკანონმდებლო ორგანოსთან 20:00 საათზე დაიწყება. ისინი კომენდანტის საათს დაარღვევენ.
"თუ მთავრობა ზღუდავს თავისუფლად გადაადგილების უფლებას, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, ეს უნდა ექვემდებარებოდეს საგანგებო ან საომარ მდგომარეობას. ჩვენ არც საომარი მდგომარეობა გვაქვს, არც საგანგებო მდგომარეობა, უბრალოდ მთავრობის დადგენილებით, კონსტიტუციის წინააღმდეგ გვაქვს შეზღუდული როგორც შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება, ისე გადაადგილების თავისუფლება და დღეს ჩვენ მასშტაბური, მუსიკალურად გაფორმებული ხმაურიანი მარშით, რომელიც თბილისის ქუჩებს მოეფინება, გავაპროტესტებთ ამ კომენდანტის საათს," - აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.