ამერიკაში საიმიგრაციო პოლიტიკა იცვლება - ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის მიერ გაცემულ განკარგულებებს აუქმებს. ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ხელი სამ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა, რის შემდეგაც დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის რეგულაციები გაუქმდება. სამიდან ერთი განკარგულება, რომელიც ბაიდენის თქმით, ახალი ამერიკელების ინტეგრაციას უზრუნველყოფს, შტატებში მცხოვრებ ქართველებსაც შეეხება.
ნიუ-იორკში ქართველ საიმიგრაციო ადვოკატთა კომპანიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება ემიგრანტი ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში 11 მილიონ არალეგალს დროებითი ლეგალური ცხოვრების უფლება მიეცემა.
ქართველების მსგავსად ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივების დაკანონებას ელოდება მილიონობით იმიგრანტი, თუმცა პირველი სამი განკარგულება, რომელსაც ჯო ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა, ყველაზე მეტად მექსიკის მოქალაქეებს შეეხება.
მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოდ აღიარებული სახელმწიფოს ახალი ლიდერის კიდევ ერთი ინიციატივა იმიგრანტთა ოჯახების გაერთიანებაა. ჯო ბაიდენი საგანგებო ჯგუფს ქმნის, რომელიც საზღვარზე იმიგრანტ მშობლებს თვეების განმავლობაში ჩამოცილებულ ბავშვებს დაუბრუნებს.
ბაიდენი პირობას დებს, რომ ტრამპის ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას საბოლოოდ დაასრულებს. მანამდე კი მილიონობით იმიგრანტი პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტის დამტკიცებას კონგრესისგან ელოდება.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი