19 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ხვალიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება - საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბაზრობები ფუნქციონირებას იწყებენ

ხვალიდან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. სრულად ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი - გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით. თუმცა, კვლავ ძალაში რჩება აკრძალვა საქალაქთაშორისო მარშრუტებზე. ხვალიდან გაიხსნება ბაზრობებიც.

რეგულაციები უქმდება მხოლოდ სამუშაო დღეებში - შაბათ-კვირას წესები ისევ მოქმედებს.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მედიასთან ურთიერთობის მენეჯერის, თამაზ რობაქიძის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მგზავრს პირბადე ეკეთოს. 

"არცერთი მგზავრი არ დაიშვება მეტროსადგურში, რომელსაც არ ექნება პირბადე, ხოლო ავტობუსების შემთხვევაში, ავტობუსი არ დაიძვრება ადგილიდან, თუ რომელიმე მგზავრს არ ექნება პირბადე. კომენდანტის საათიდან გამომდინარე, მეტროც და ავტობუსიც იმუშავებს 21 საათამდე.

მეტროც და ავტობუსიც იმუშავებს იმავე განრიგით, რაც იყო მანამდე, როდესაც იყო სრული დატვირთვა, ვინაიდან დიდ მობილობასა და მგზავრთა ნაკადს არ ველოდებით, ეს ინტერვალი მაინც შენარჩუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული,"- განაცხადა თამაზ რობაქიძემ. 

"ლილო მოლის" გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია აცხადებს, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე დაცული იქნება ყველა შესაბამისი რეკომენდაცია, ხოლო ყოველ 2 კვირაში ერთხელ ჩატარდება მომუშავე პერსონალის ტესტირება. 

"თითქოს, 1 კვირა შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ათი ათასობითაა ჩვენთან, თითო დღესაც მნიშვნელობა აქვს. ხვალიდან დაიწყება ბიზნესის გადარჩენის პირველი ნაბიჯები. შემოსვლისთანავე იქნება თერმოსკრინინგი, ხელების დამუშავება, ტერიტორიის რეგულარული დეზინფექცია. მთავარ რეგულაციებს დაემატა ერთი უმნიშვნელოვანესი რეგულაცია, ეს არის ტესტირება. ყოველ ორ კვირაში ერთხელ, მოხდება ჩვენთან მომუშავე მთლიანი კონტიგენტის ტესტირება 20%-ით, ეს მოგვცემს საშუალებას ვაკონტროლოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია,"- განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ. 

დღის ამბები