ბიზნესი პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ხვდება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მინისტრებისგან ითხოვენ ინფორმაციას, როგორია დახმარების და პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევის გეგმა, კერძო სექტორი ხელისუფლებას საკუთარ ხედვასაც გააცნობს.
მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც "ლილო მოლის" გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია აღნიშნავს, ყველაფრისთვის მზად არიან და მუშაობის გაგრძელებას ჩვეულ რეჟიმში აპირებენ.
"მთავარია გავიხსენით და გადარჩენისთვის პირველი ნაბიჯები გადავდგით. შაბათ-კვირის საკითხი ძალიან რთულია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე მოგვარდება,"- აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.
ICR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, კახა ხაზარაძის განცხადებით, კომენდანტის საათმა 00:00-მდე უნდა გადაიწიოს.
"შედეგები ძალიან მძიმე გვაქვს, მოსახლეობას ფული არ აქვს. ორი მნიშვნელოვანი საკითხია - კომენდანტმა უნდა გადაიწიოს 12 საათამდე და ვაქცინაციაც უნდა დაიწყოს,"- აღნიშნა კახა ხაზარაძემ.
"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი, "ვისოლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე კი აცხადებს, რომ ეკონომიკის გახსნის კუთხით კარგი ნაბიჯები გადაიდგა.