19 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ვინ უხელმძღვანელებს მმართველების გარეშე დარჩენილ ეპარქიებს - "კურიერის" ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე ეპარქიების ახალ მმართველებს დაასახელებენ

რომელ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ სასულიერო პირები - 11 თვიანი პაუზის შემდეგ საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა, თუმცა დეტალები არ ზუსტდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭყონდიდის ეპარქიას ეყოლება ახალი ეპისკოპოსი, რომელიც იქნება სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი. "კურიერმა" სცადა ინფორმაციის გადამოწმება არქიმანდრიტ სერაფიმესთან, თუმცა მან სატელეფონო მიმოწერის დროს თქვა, რომ საზოგადოება ჭორებს არ უნდა აჰყვეს.

"კურიერის" ჯგუფმა ასევე სცადა ინფორმაციის გადამოწმება გრიგოლ კაციასთან, რომელიც ამ დროისთვის ჭყონდიდის ეპარქიის მმართველია, თუმცა გრიგოლ კაცია ამ თემასთან კომენტარს აღარ აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქო სწორედ მისი მუშაობით არის უკმაყოფილო და სწორედ ამიტომ, მას კვლავ წალკაში დააბრუნებენ, რომელიც მმართველის გარეშე მისი წასვლის შემდეგ დარჩა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია სხვა სასულიერო პირებთან დაკავშირებით. მაგალითად, კახის ეპარქიასთან დაკავშირებით, რომ მას არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი ჩაიბარებს, რომელიც ეპისკოპოსის ტახტზე თავად კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს წარადგინა, თუმცა მაშინ გაურკვეველი მიზეზების გამო, არქიმანდრიტმა კახის ეპარქიის მმართველის პოსტი ვერ დაიკავა. რა გახდა ამის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ჩაიბარებს მეუფე ლაზარეს ეპარქიას, რომელიც არის ბორჯომისა და ბაკურიანის. მეუფე ლაზარე რამდენიმე თვის წინ კოვიდპანდემიის გამო გარდაიცვალა.

"კურიერი" ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას თავად ამ სასულიერო პირებთან, თუმცა ჯერჯერობით, ყველა მათგანი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, ან მათთან კომუნიკაცია არ შემდგარა, ან არ სურთ ტელეკამერებთან საუბარი.

"კურიერი" ასევე ესაუბრა მამა გიორგი ზვიადაძეს, რომელთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის უხელმძღვანელებს რუსთავის ეპარქიას და მან მიიღო შეთავაზება კათოლიკოს-პატრიარქის მხრიდან. სასულიერო პირი "კურიერთან" განმარტავს, რომ მას სამჯერ აქვს მსგავსი შემოთავაზება მიღებული ილია მეორისგან, თუმცა მან თავად არ ისურვა ეპისკოპოსის ტიტულის ჩაბარება, ამისთვის, მას გარკვეული მიზეზები აქვს და განმარტა, რომ მზაობის შემთხვევაში, შეთანხმების მიხედვით, ის თავად ეტყვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იქნება თუ არა ამისთვის მზად.

"ასეთი შემოთავაზება უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მქონდა წლების წინ. პატრიარქის მიმართ მე მაქვს უდიდესი მოწიწება და მადლიერება იმ ღვაწლის გათვალისწინებით, რაც მას მიუძღვის არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის წინაშე.

მე პატრიარქს მაშინ, როცა მან შემომთავაზა ეპისკოპოსად კურთხევა, მე მას ავუხსენი მიზეზი, რის გამოც არ შემეძლო შემოთავაზების მიღება. პატრიარქი ჩემს ახსნას და მიზეზებს, რის შესახებაც მე ვესაუბრებოდი, დათანხმდა მაშინ და მე ამ შემოთავაზებას არ ველოდები იმიტომ, რომ მაშინ მოვახსენე პატრიარქს, თუკი ამის საშუალება მე მომეცემოდა, მე თვითონ ვეტყოდი მის უწმინდესობას ყველაფერს და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა მას ეს შეთავაზება კვლავ განეახლებინა," - აცხადებს პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე.

სხვა სასულიერო პირებს და მაღალ იერარქებს უჭირთ საკითხების დასახელება, მათ შორის, უჭირთ თქმა თუ ვინ უხელმძღვანელებს მმართველების გარეშე დარჩენილ ეპარქიებს.

დღის ამბები