"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ არ დააკონკრეტა, დარჩება თუ არა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც "მოქალაქეებთან" მემორანდუმით გაფორმებულ საარჩევნო ცვლილებებს მიიღებენ.
მან ისაუბრა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ამ თემის განხილვას მაშინ ექნება აზრი, თუ პარლამენტში 113-ზე მეტი დეპუტატი იქნება, რადგანაც მსგავს ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.
"არასწორია, მე ვილაპარაკო სახელებზე და გვარებზე, რომელიმე ადამიანი იქნება თუ არა კონკრეტულ თანამდებობებზე, მით უმეტეს, რომ ის არჩეული პირია. ამას გვაჩვენებს მომავალი, მისი პირადი გადაწყვეტილება.
ჩვენ ვერ ვიტყვით დარწმუნებით, რამდენი ადამიანი შემოვა პარლამენტში, შესაბამისად, ვერც მას ვიტყვით, საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდება თუ არა. ჩვენ რადგან მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, სადაც წერია,რომ 0-დან 3%-მდე ვიმსჯელებთ, კი ბატონო, აქაც არის არგუმენტები. ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შესაძლებელია ამაზე მსჯელობა, მაგრამ ეს არ იქნება ძირითადი საკითხი, რადგან აზრი რომ ჰქონდეს, გონივრული მოლოდინი რომ იყოს, უნდა დავდგეთ რეალობის წინაშე, რომ 113 დეპუტატზე მეტი იყოს საქართველოს პარლამენტში,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"ოცნების" კიდევ ერთი წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონკრეტული პიროვნებების მიერ თანამდებობის დაკავება-არდაკავების საკითხი მემორანდუმის ნაწილი ვერ იქნება. მან ხაზი გაუსვა, რომ მსჯელობა შეეხებოდა პროცედურებს და სისტემებს და ამაზე იყო კონცენტრირებული.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულდა. როგორ უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო - დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. აზრთა სხვადასხვაობა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხმა გამოიწვია.