17 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ეს გარკვეულწილად ოპოზიციის დადანაშაულებაა, რომ არ აქვს მტკიცებულებები - რომან გოცირიძე იოსელიანს პასუხობს

რომან გოცირიძე პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის ოპოზიციონერი კოლეგებისადმი შეთავაზებას პასუხობს. ლევან იოსელიანმა "დღის კურიერის" ეთერში ოპოზიციას შესთავაზა, პარლამენტში მიიტანონ ის მტკიცებულებები, რომელზეც ამბობენ, რომ სასამართლომ არ მიიღო და მათთან ერთად იბრძოლებს, რათა საგამოძიებო კომისიამ დაადგინოს სიმართლე, რა მოხდა 31 ოქტომბერს. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი განცხადების მიღმა სხვა კონტექსტს ხედავს. რომან გოცირიძის თქმით, თუ მთელი ოპოზიციური სპექტრი არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი,  კომისიის მუშაობა რაიმე შედეგს ვერ გამოიღებს. 

"ეს გარკვეულწილად, ოპოზიციის დადანაშაულებაა, რომ ოპოზიციას არ აქვს მტკიცებულებები და ამიტომ საგამოძიებო კომისიამაც შეიძლება ვერ დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს ასეთი შეფარული მესიჯია. მეორე მთავარი შინაარსი ამის მდგომარეობს იმაში, რომ თურმე პარლამენტში შეიძლება შეიქმნას ისეთი საგამოძიებო კომისია, სადაც იქნება 4 თუ 5 წარმომადგენელი უმრავლესობის და ამდენივე ფსევდო ოპოზიციის, მაგალითად, 4 პატრიოტთა ალიანსი და 4 უმრავლესობა, არ ვეძახი იმ სახელს, რაც დაარქვეს, პატრიოტთა ალიანსია შენიღბული ფორმით შესული და ეს 8 კაციანი კომისია თურმე გამოიძიებს არჩევნების გაყალბება-არ გაყალბების საკითხს. ეს ხომ არასერიოზულია, შეუძლებელია, რომ ამ მოცემულობაში თუ მთელი ოპოზიციური სპექტრი არ იქნა პარლამენტში წარმოდგენილი, რაიმე შედეგი მოგვცეს კომისიის მუშაობამ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები