19 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
გარკვეული მღვდელმთავართა ჯგუფი პატრიარქის იძულებით გადაყენებას აპირებს და ეს არის რუსეთის ეკლესიის დავალება - ზვიად ცაბაძე 

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზვიად ცაბაძე ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელიც თეოლოგთა ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ შორის, პატრიარქის გადაყენების თაობაზე, ასევე რუსული ფრთის გაძლიერებაზე და ა.შ.-საპატრიარქოსთან დაახლოებულმა კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

ზვიად ცაბაძე ამბობს, რომ განცხადება ერთგვარ პრევენციას წარმოადგენდა, რომლის მიზანი იყო ქართულ ეკლესიაში არეულობისა და ინტრიგების შეტანის თავიდან აცილება.

"პირველ რიგში, ეს განცხადება ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებას და მეორე და პრევენციას, რომ ასეთი რამ არ მოხდეს და თავიდან ავირიდოთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი საბოტაჟი ციანიდის შემდეგ, ახალი ინტრიგები, რაც გამოიწვევს ქართული ეკლესიის კიდევ უფრო მეტ დაზიანებას, ვიდრე დღემდე გვაქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ის ინფორმაცია რაც მივიღეთ, მყისიერად გაგვევრცელებინა. ეს ეხებოდა იმას, რომ წმინდა სინოდი გაიმართება 11 თებერვალს, სადაც აპირებენ გარკვეული მღვდელმთავართა ჯგუფი პატრიარქის იძულებით გადაყენებას და ეს არის დავალება რუსეთის ეკლესიის, ერთგვარი შურისძიება მეუფე გერასიმეს მიერ გაგზავნილი საპროტესტო ნოტის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ცხინვალში უკანონოდ შემოჭრილ რუსული ეკლესიის წარმომადგენლებს. წერილს მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება და რუსეთის ეკლესია ამან ძალიან გაამწარა.

ჩვენ ვეყრდნობით წყაროს, რომელმაც მოგვაწოდა ეს ინფორმაცია, დანარჩენზე პასუხი უნდა გასცეს საქართველოს საპატრიარქომ. ჩვენ არა ერთი მასალის ამოღება შეგვიძლია, ქადაგებების თუ ა.შ. ინტერნეტიდან, როდესაც საეკლესიო პირები, მღვდელმთავრები მათ შორის პრორუსულ განცხადებებს აკეთებენ, პრორუსული ქცევები ახასიათებთ და ეს არის ყველაზე ცხადი დადასტურება იმისა, რომ საპატრიარქოში და წმინდა სინოდში არსებობს პრორუსული ფრთა. ეს ახალი არ არის. ახალი არ არის, ასევე, პატრიარქის გადაყენების საკითხი,“ - ამბობს ზვიად ცაბაძე. 

დღის ამბები