19 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ეს არის შიოს გაპატრიარქებისათვის ბრძოლა, რომელსაც რუსული აზროვნება აქვს - ზვიად ცაბაძე

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად ცაბაძე აცხადებს, რომ მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადება რუსეთის ჩარევით მოხდა.

ცაბაძემ "დღის კურიერში" განაცხადა, რომ შიო მუჯირი რუსულად აზროვნებს და მას არასდროს გაუპროტესტებია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ეკლესიის შემოჭრა.

"ყველამ ვიცით, რომ მოსაყდრედ მეუფე შიოს გამოჩენას წინ უძღვოდა საქართველოს საპატრიარქოში რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტი. ეს იყო ზაფხულში და რამდენიმე თვეში პატრიარქმა, ყველასგან მოულოდნელად, დაასახელა ის მოსაყდრედ. ერთი მხრივ არაკანონიკური აქტი იყო და მეორე, იძულებით, იმიტომ რომ მეუფე შიო არ წარმოადგენს პატრიარქის რჩეულ კანდიდატს. ეს რომ ასე ყოფილიყო, პატრიარქი უნდა გადამდგარიყო მის სასარგებლოდ, რომ მეუფე შიოს მისცემოდა პატრიარქად გახდომის საშუალება.

ეს არის შიოს გაპატრიარქებისათვის ბრძოლა, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის ეკლესია. მოგეხსენებათ, მეუფე შიო რუსეთში სწავლობდა, რუსეთში აქვს გატარებული ძალიან დიდი დრო, რუსული აზროვნება აქვს და ამიტომ ცდილობენ ისინი რუსეთის დახმარებას. რუსეთში განათლება არის ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, რომ თვითონ ჩვენ პატრიარქსაც რუსეთში აქვს მიღებული განათლება და მის მიმართაც არის სამართლიანი ბრალდებები.

საქმეებითაც ჩანს, რომ მეუფე შიოს აქვს რუსული აზროვნება. მას არც ერთხელ არ დაუგმია რუსეთის ეკლესიის ქმედებები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, პირიქით, ყოველთვის მოწიწებით ეგებებიან, იგივე გავრილოვი რომ ჩამოვიდა, მიღებაზე გახლდათ საპატრიარქოს პრეს-სპიკერი. პროტესტი არასდროს გამუთქვამთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ეკლესიის შემოჭრის გამო, - განაცხადა ცაბაძემ. 

დღის ამბები