ილია მეორის გადაწყვეტილება სინოდის სხდომის მოწვევის თაობაზე საზოგადოებას საპატრიარქომდე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ ამცნო. თეოლოგები საკუთარ განცხადებაში სკანდალურ ინფორმაცის აჟღერებენ და ირწმუნებიან, რომ წმინდა სინოდზე პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულება იგეგმება, რასაც ილია მეორის გადადგომა და დაჩქარებული წესით ახალი პირველი იერარქის არჩევა მოჰყვება.
თეოლოგების ვარაუდს აბსურდულს უწოდებს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე.
11 თებერვალს დანიშნულ სხდომაზე დღის წესრიგში იმ ეპარქიების მღვდელმთავრები უნდა დასახელდეს, რომლებსაც უკვე წლებია მმართველი არ ყავს. სავარაუდოა, რომ წმინდა სინოდის ყველა ფრთა საკუთარი ძალების გაძლიერებას შეეცდება და სხდომაზე მხარს სასურველ კანდიდატს დაუჭერს. "კურიერს" სანდო წყარო საპატრიარქოდან უყვება, რომ ეპისკოპოსის სავარძლისთვის ემზადება სვეტიცხოვლის წინამძღვარი არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია.
წყარო საპატრიარქოდან "კურიერს" უყვება, რომ ეპისკოპოსად დანიშვნის შემთხვევაში სერაფიმე ჭედია ჭყონდიდის ეპარქიას ჩაიბარებს, რადგან საპატრიარქო მეუფე პეტრეს შემცვლელით, მოქმედი ეპისკოპოსით უკმაყოფილოა. მეუფე გრიგოლ კაცია კი კვლავ წალკას დაუბრუნდება. "კურიერთან" სატელეფონო მიმოწერაში სერაფიმე ჭედია ამბობს, რომ საზოგადოება ჭორებს არ უნდა აყვეს. წინდა სინოდის მოქმედი წევრები კი, კანდიდატების გამორჩევაზე დუმილს ამჯობინებენ.
მას შემდეგ, რაც მეუფე ლაზარე კოვიდ პანდემიამ იმსხვერპლა, ეპისკოპოსის გარეშეა დარჩენილი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია. ამბობენ, რომ ეპარქიას დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ჩაიბარებს, რუსთავის ეპარქიას კი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
ახალი რჩეულების გარდა, 11 თებერვალს სავარაუდოდ დღის წესრიგში დადგება მეუფე პეტრეს საკითხი. მოხდება თუ არა ჭყონდიდის ყოფილი მმართველის განკვეთა ეკლესიიდან, ამ დრომდე უცნობია.