შს სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული პირი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ დანაშაულში ამხილა.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დას - 2004 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მოძალადის მხრიდან, განმეორებითი ძალადობის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, გ.კ-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ამასთან, დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობაც. მოძალადეს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან მიახლოების მონიტორინგი.
დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.