მოსწავლეებისთვის მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შედის.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსწვალეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. დეტალური ინსტრუქციები დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და სკოლა ამაზე მოახდენს კომუნიკაციას მშობელთან. ეს ყველაფერი კეთდება ხვალიდან და კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც გვაქვს," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრი ამბობს, რომ პირბადეები მოსწავლეებს მშობლებმა უნდა გაატანონ სასწავლო დაწესებულებაში.
"ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის სველი წერტილების საკითხები და სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, რომ სკოლა აუცილებლად იყოს უსაფრთხო ადგილი ყველასთვის,“ - ამბობს მიხეილ ჩხენკელი.