დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, სახელმწიფო მიესალმება, თუკი კოვიდვაქცინაციაში კერძო სექტორი ჩაერთვება, თუმცა, მისივე განმარტებით, დღეისათვის დიდი მწარმოებლები კერძო სექტორს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით კონტრაქტებს არ უდებენ.
"ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს და თუ მათ საშუალება აქვთ კი, მაგრამ მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, თვითონ მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი შეხედულებაა და გათვლები, რომ ეს დაიწყება ალბათ მაისი-ივნისის შემდეგ უფრო მეტად კერძო გააქტივება. არავინ ხელს არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობენ. მარგამ არც "ფაიზერი" ჯერჯერობით, არც "მოდერნა", არც "ასტრაზენეკა", მათ იცით რომ ზოგადად ვაქცინების წარმოებაში რისი იმედიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ჯერჯერობით, ჩამორჩენაა სერიოზული ამ მწარმოებლების მიერ. მათ ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილეს ევროკავშირის მოთხოვნა, ვერ დააკმაყოფილეს კოვაქსის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისე სწრაფად იზრდება სიმძლავრეები, რომ თებერვალში-მარტში-აპრილში წარმოება დაეწევა დაახლოებით იმ სიმძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი.
როცა სახელმწიფოების მიმართ ვალდებულებები შესრულდება, რა თქმა უნდა, იქნება კერძო ინიციატივებიც.
ბევრი კერძო კომპანია ჩვენც გვიკავშირდება, არა ქართული, არამედ უცხოური. მაგრამ, მოგეხსენებათ, წამლის და ვაქცინის წარმოებაში დაახლოებით 10% არის ე.წ. ფალსიფიცირებული წამლები. წამლის მსოფლიო ბრუნვა არის, დაახლოებით, ერთი ტრილიონი დოლარი და წარმოიდგინეთ, იქიდან ას მილიარდ დოლარამდე გახლავთ ფალსიფიცირება. როცა ასეთი ე.წ. ემერჯენსი სიტუაციაა, რა თქმა უნდა, დიდია ცდუნება ფალსიფიცირების.
მოგეხსენებათ, ჩინელებმა დააპატიმრეს, იქ მოხდა კიდევ ახლო აღმოსავლეთში შემთხვევები, სადაც თაღლითები ცდილობენ გაასაღონ ფალსიფიცირებული და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ, ჩვენ საქმეს ვიჭერთ ძირითადად სახელმწიფოებთან და მწარმოებლებთან," - განაცხადა გამყრელიძემ.