19 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
"თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია, მეორე დოზა აღარ გაკეთდება" - COVID-19-ის ვაქცინაციის პროტოკოლს ჯანდაცვის უწყება მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს

COVID-19-ის ფონზე პაციენტების ალერგიული მდგომარეობის შეფასებისა და პრევენციის პროტოკოლზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, დოკუმენტი მიმდინარე კვირაში უნდა გამოქვეყნდეს. ალერგიული მდგომარეობის კვლევა ვაქცინაციისთვის აუცილებელია, რომ აცრის პროცესს შემდგომი გართულებები არ მოყვეს. პროტოკოლზე ალერგოლოგთა და ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის:

"ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სადაც არის დეტალურად განსაზღვრული ის შეკითხვები, რა უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა. დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მწარმოებლებისგან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საშუალებით გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის, სადაც არის დეტალურად განსაზღვრული ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არაა,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ პაციენტი ადგილზე ნახევარი საათის განმავლობაში დაყოვნდება და ვაქცინაციის კაბინეტში ყველანაირი პირობა და აღჭურვილობა იქნება შესაძლო გართულებების პრევენციისთვის.

"ასაცრელი რეციპიენტი უნდა იყოს ჯანმრთელი, მას არ უნდა ჰქონდეს სიცხე და არანაირი გრიპოზული მოვლენები. თუ მას აღენიშნება გრიპი, გრიპის ჩათავების შემდეგ მოხდება მისი ვაქცინაცია. ალერგიული რეაქცია ყველას შეიძლება დაუფიქსირდეს, ვაქცინაციის შემდეგ ნახევარი საათი ყოვნდება პაციენტი ადგილზე და ყველანაირი პირობა იქნება დაცული, რომ არ მოხდეს რაიმე სავალალო შედეგი, თუმცა ამას ნაკლებად ველოდებით," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის მაია გოთუას თქმით, ალერგიულ რეაქციას იწვევს პოლიეთილენგლიკოლი, თუმცა ეს იმდენად იშვიათია, რომ ამ ეტაპზე მილიონ შემთხვევაში მხოლოდ 5 დაფიქსირდა.

"თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია ნებისმიერი ტიპის მეორე დოზა აღარ გაკეთდება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ კომპონენტზე, რომელიც არის "ფაიზერის" ვაქცინაში და არის ალერგენული, ეს არის პოლიეთილენგლიკოლი, მის მიმართ თუ ადამიანებს აქვთ მაღალი მგრძნობელობა, შეიძლება განუვითარდეთ ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია. ეს ძალიან იშვიათია, იმდენად, რომ ერთ მილიონ შემთხვევაზე 5 ანაფილაქსიური რეაქცია მოდის," - განაცხადა მაია გოთუამ.

დღის ამბები