როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს - ამ მიმართულებით გასული წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შესახებ ანგარიში ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს.
ქვეყნის მთავარ გამოწვევებს შორის ამჯერადაც დასახელებულია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, ასევე საუბარია პარლამენტში მნიშვნელოვან რეფორმებზე მუშაობისთვის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა შორის საერთო ენის გამონახვის მნიშვნელობაზე. ანგარიში ვრცლად ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ნათქვამია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებით, ის ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, სადაც ზოგადად, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევდა არჩეულ ევროპულ გზას და საერთაშორისო რეიტინგებში შეძლო წარმატებული პოზიციების შენარჩუნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული ის ძალისხმევა, რასაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ახორციელებს.
"საქართველომ შეინარჩუნა წარმატებული პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში და მიუხედავად შემცირებული ვაჭრობისა, ევროკავშირი, როგორც ერთიანი სავაჭრო ბლოკი, კვლავ რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.
უარყოფითად არის შეფასებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემო. მათ შორის უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, ასევე სხვა უარყოფითი საკითხები," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.