ხვალ წმინდა სინოდი შეიკრიბება. სხდომა საპატრიარქოში 12 საათზე დაიწყება. დღის წესრიგი გასაიდუმლოებულია, თუმცა "კურიერმა" მაინც გაარკვია, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ვაქცინა და ამ პროცესზე საპატრიარქოს პოზიციაც შეჯერდება.
საქართველოს და მსოფლიოს მთავარ გამოწვევაზე ქართულ ეკლესიას მკაფიო პოზიციის გაჟღერებისკენ მოუწოდებს რელიგიის ექსპერტთა ასოციაციაც. ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სინოდმა უნდა უპასუხოს კითხვებს, რომელიც მრევლს გაუჩნდა რამდენიმე საკითხთან მიმართებაში. მათ შორისაა საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიის მღვდელ თადეოზ სარალიძის ანტიეროვნული და მოღალატეობრივი ქადაგებები. ასევე მათი თქმით განსახილველ საკითხებში უნდა იყოს საოკუპაციო ხაზიდან "ერთმორწმუნე" რუსების მიერ საქართველოს ეკლესიის მრევლის და თვით სასულიერო პირების გატაცება, ასევე გარეჯის საქმეზე მიმდინარე სამართლებრივი პროცესებიც.
"წმინდა სინოდმა უნდა იმსჯელოს ყველა იმ სასულიერო პირის შესახებ, რომლებიც აღვივებენ სიძულვილს, ახალისებენ ძალადობას. გარეჯის თემას უნდა ჩაეხსნას საქართველოს საპატრიარქო და გამოძიებას მისცეს საშუალება, რომ ეს საქმე როგორღაც ნეიტრალურად, ობიექტურად იქნეს შესწავლილი. მეუფე პეტრეს უნდა მიეცეს წმინდა სინოდზე დასწრების საშუალება, რასაც ითვალისწინებს რჯულის კანონი. კარგი იქნება თუ წმინდა სინოდი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ , იმედი გვაქვს რომ რაღაც ნაწილი მაინც გათვალისწინებული იქნება და საპატრიარქომ უნდა დაანებოს ინტრიგების ხლართვას თავი," - აცხადებს რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზვიად ცაბაძე.