19 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
პროფესიონალებმა უნდა გვითხრან, რა არის ეს ვაქცინა, მე არ ვარ სპეციალისტი... ღვთისმეტყველებაზე ვისაუბროთ - ეპისკოპოსი მელქისედეკი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრები ადასტურებენ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. როგორც გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსმა ექვთიმე ლეჟავამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ის ვარაუდობს, რომ სინოდის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ COVID-19-ზე ვაქცინაცია იქნება.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მმართველი ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებს და აცხადებს, რომ საკუთარ პოზიციაზე სინოდის სხდომაზე ისაუბრებს.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ ვაქცინაზე აზრი პროფესიონალებმა უნდა დააფიქსირონ, ღვთისმეტყველებაზე კი - სასულიერო პირებმა.

"პროფესიონალებმა უნდა გვითხრან,  რა არის ეს ვაქცინა. მე არ ვარ სპეციალისტი... ღვთისმეტყველებაზე ვისაუბროთ,"- აღნიშნა ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ.

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, მისი სურვილია, რომ სინოდმა ვაქცინაციის საკითხი განიხილოს. ის თავის მრევლს მოუწოდებს, რომ კონსულტაცია კვალიფიციური ექიმებთან გაიარონ.

"მინდა, რომ იყოს და მინდა, რომ წმინდა სინოდმა დაასკვნას, რომ ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ჩვენ ადამიანები ვართ და ყველას თავისი აზრი აქვს, აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ასე ერთად არ შევკრებილვართ და არ გვიმსჯელია. ჩემ მრევლს მოვუწოდებ, რომ მონახონ კვალიფიციური ექიმები და გაიარონ კონსულტაცია," - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

სინოდი სავარაუდოდ აპირებს რომ ბერძნული მეთოდით იმოქმედოს და მრევლს ვაქცინაციასთან დაკავშირებით არჩევანის საშუალება მისცეს, როგორც თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელ გაბრიჭიძემ "კურიერთან" განაცხადა ადამიანი არ უნდა გრძნობდეს ზეწოლას:

"ჩვენ ქართული მეთოდი გვექნება, არჩევანის თავისუფლებაზე იქნება საუბარი, ჩემის აზრით ადამიანი არ უნდა გრძნობდეს ზეწოლას,"- განაცხადა ეპისკოპოსმა მიქაელ გაბრიჭიძემ. მან ასევე არ გამორიცხა, რომ სინოდმა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას საკითხი განიხილოს და ასევე იმსჯელოს მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმის შესახებაც.

დღის ამბები