საპატრიარქოში სასულიერო დასმა შეკრება სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე დაიწყო. სასულიერო პირების ნაწილი ტელეკამერებთან არ გაჩერებულა, ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი მათთვის, ამ დრომდე, უცნობი იყო. დღევანდელ შეხვედრას, "კურიერის" ინფორმაციით პატრიარქი ხელმძღვანელობდა, ეპისკოპოსებს შორის იყო მოსაყდრე შიოც.
"კურიერმა" გაარკვია, რომ დღევანდელი შეკრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ხვალ სინოდზე კოვიდ პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიციის შეჯერება იყო. მაღალი იერარქები განსხვავებულ პოზიციებზე არიან, ამიტომ ხვალ სინოდი შესაძლოა ხმაურიანიც იყოს. ჩვენი ინფორმაციით, ეპისკოპოსები მრევლს არჩევანის თავისულებას მისცემენ.
"კურიერის" ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს იმ საკითხზეც, თუ ვის უნდა მიენიჭოს ეპისკოპოსის სტატუსი. ჯერ ჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს ეპარქიებს, რომელთა ხელმძღვანელების ადგილი თავისუფალია. სულ 5 ეპარქიიდან, 4 საქართველოშია, 1 კი გერმანიაში.
ამ დრომდე უცნობია, განიხილავს თუ არა წმინდა სინოდი მამა გიორგი მამალაძის საკითხს.
კიდევ ერთი კომისიის შექმნას ითხოვენ საპატრიარქოზე განაწყენებული სასულიერო პირები. მღვდელ მონაზონ ანდრია სარიას მიაჩნია, რომ აუცილებელია სინოდური კომისია შეიქმნას, სადაც მღვდლების საჩივრები შევა.
ამ დრომდე უცნობია, განიხილავს თუ არა წმინდა სინოდი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხს. რელიგიურ ექსპერტთა ასოციაცია ავრცელებს რეკომენდაციას, სადაც ნათქვამია, რომ ეპისკოპოსებმა ხვალ, პეტრე ცაავას, რუსული გავლენების, დავით გარეჯის, დასჯილი მღვდლების და სხვა გახმაურებულ საკითხებზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს.