ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა იწყება.
ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
"გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დაიკითხება 2 მოწმე. ნიკა გვარამიას ერთ-ერთი ბრალი წარდგენილი აქვს იმ ფაქტზე, რომ მან "რუსთავი 2-ზე" განსათავსებელი რეკლამის სანაცვლოდ, საკუთარი ოჯახის სარგებლობისთვის შეიძინა "პორშე მაკანიესის" ავტომობილი. სწორედ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დაიკითხებიან დღეს და დაადასტურებენ, რომ ნამდვილად ნიკა გვარამია იყო დაინტერესებული ამ ავტომობილის არჩევით, ფასის განსაზღვრით და შეძენით," - აცხადებს პროკურორი ზვიად გუბელაძე.
ნიკა გვარამიას ადვოკატი აცხადებს, რომ გვარამიამ ავტომობილი ნამდვილად იყიდა, მაგრამ ამით "რუსთავი 2-მა" არა თუ ზიანი, არამედ სარგებელი მიიღო. რადგან, თანხა მიიღო არა "თეგეტა მოტორსმა", არამედ "რუსთავი 2-მა".
"ის, რომ ნიკა გვარამია შეიძინა ეს ავტომობილი, არც არის სადაო, აქ მთავარი საკითხი არის ის, მიიღო თუ არა "რუსთავი 2-მა" ზიანი ამ ტრანზაქციიდან. რომელზეც პასუხი მარტივია, ტელეკომპანიამ არა თუ ზიანი, არამედ სარგებელი მიიღო ამით, რადგან მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე მიიღებდა ამ ტრანზაქციის არ არსებობის შემთხვევაში. თანხას ნიკა გვარამია მეუღლე იხდიდა და ეს თანხა მიიღო არა "თეგეტა მოტორსმა," არამედ "რუსთავი 2-მა", - აღნიშნავს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი.