"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი, რომლის საქმის განხილვაც საქალაქო სასამართლოში დაიწყო, აცხადებს, რომ ის, რასაც მას ედავებიან, აბსურდია.
"არ შემიძენია, არასოდეს ჩემს საკუთრებაში არ გადმოსულა. იყო სარეკლამო ფირმის საკუთრებაში და განვადების ხელშეკრულება მქონდა. ჩემს საკუთრებაში გადმოვიდა მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს სრულად გადავიხდიდი. შესაბამისად, სარეკლამო ფირმა გადაუხდიდა "რუსთავი 2-ს". მე რომ დამალვა მდომებოდა, როდესაც ამბავი დაიწყო "რუსთავი 2-ში", ამ მანქანას ეგრევე მოვიშორებდი. არ მომიშორებია, რადგანაც არ ჩამითვლია, რომ საკითხი პრობლემური იყო. ხელშეკრულება მქონდა და გადახდა უნდა დამეწყო სექტემბერში. მე რომ პორშე მდომებოდა "რუსთავი 2-ის" ხარჯზე, ასე ჩალიჩი რაში დამჭირდებოდა. ერთ პორშეს პრემიად გამოვიწერდი,"- განაცხადა "მთავარი არხის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა იწყება.
ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი.