19 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
შეთანხმებული ვიყავი, რომ ბარტერი რომლითაც ავტომობილს შევიძენდი "რუსთავი 2-ის" სასარგებლოდ იქნებოდა - ნიკა გვარამია 

საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის საქმის განხილვა დასრულდა. ​სასამართლო პროცესის შემდეგ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოწმეებმა, რომლებიც "ტოიოტას" თანამშრომლები იყვნენ, დაადასტურეს, რომ ის მათთან მანქანის შესაძენად წინასწარ შეთანხმებით მივიდა და ავტომობილი ბარტერის სახით შეიძინა. 

"მანქანა ჩვეულებრივად ნაყიდი მქონდა განვადების ხელშეკრულებით, კანონიერი ყველა ფორმის დაცვით. "რუსთავი 2-დან" წამოსვლის შემდეგ, კიდევ 2 თვე, ამ მანქანით დავდიოდი. "ტოიოტას" თანამშრომელმა დაადასტურა, რომ მე მასთან უკვე შეთანხმებული მივედი და არა შემთხვევით, ქუჩიდან. შეთანხმებული ვიყავი იმაზე, რომ ეს ბარტერი "რუსთავი 2-ის" სასარგებლოდ იქნებოდა და მე გადავიხდიდი ამას. ეს მანაქანა ჩემს სახელზე მას შემდეგ გადმოვიდოდა, რაც სარეკლამო ფირმას ფულს გადავუხდიდი, მას კი შესაბამისი ვალდებულება ჰქონდა "რუსთავი 2-ის" წინაშე," - განაცხადა "მთავარი არხის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამიას ადვოკატის განცხადებით კი, მოწმეებმა სასამართლოს მისცეს ჩვენება, რომელიც არა თუ ადასტურებს ბრალდებას, არამედ პირიქით.

"დღეს ბრალდების მხარის მოწმეებმა სასამართლოს მისცეს ჩვენება, რომელიც არა თუ ადასტურებს ბრალდებას, არამედ პირიქით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც დაცვის პოზიციის სისწორეს ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, ამ ტრანზაქციის შემდეგ "რუსთავი 2-მა" სარგებელი მიიღო," - აღნიშნავს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, მისი განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ნიკა გვარამია ნამდვილად იმყოფებოდა "პორშეს" ცენტრში, მას უნდა შეეძინა ავტომობილი ბარტერის გზით, რომლითაც ტელეკომპანია ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდა.

"მოწმეები დაიკითხნენ მანქანის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათ დაადასტურეს, რომ ნიკა გვარამია ნამდვილად იმყოფებოდა "პორშეს" ცენტრში, პირადად აარჩია მანქანა და პირადად გადაწყვიტა აღნიშნული მანქანის შეძენა ბარტერის გზით. კერძოდ, "რუსთავი 2-ზე" განსათავსებელი რეკლამის სანაცვლოდ მას უნდა შეეძინა ავტომობილი. ამით ტელეკომპანია ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდა, რადგან ავტომობილი კერძო პირს რჩებოდა," - აცხადებს პროკურორი ზვიად გუბელაძე.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები