ზენონ იარაჯულს შესაძლოა საეკლესიო პასუხისმგებლობა დაეკისროს - "კურიერმა" მსოფლიო პატრიარქისა და ილია მეორეს 2 წერილი ექსკლუზიურად მოიპოვა.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირი მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში კათოლიკოს პატრიარქის ნებართვის გარეშე გადავიდა. ამაზე საუბარია სინოდის განჩინებაში, რომლის გამოც ახლა ზნეობრივ კომისიას საკითხის შესწავლა დაევალა. კითხვებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მმართველს, ზენონ იარაჯულს დაუსვამენ.
მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი, საქართველოს პატრიარქს უგზავნის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ მან ლონდონში წმინდა მთავარეპისკოს ზენონისგან მიიღო დიაკონ ირაკლი იარაჯულის განტევების სიგელი, რის შემდეგაც იგი პრესბიტერად ეკურთხა, საქართველოს პატრიარქის პატივსაცემად კი, ილია უწოდეს.
ასევე ირკვევა, რომ ილია მეორემ მანამდე მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართა, რომ არ ეკურთხებინა ბერ-მონაზვად დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა, იქამდე სანამ მის საკითხზე ზნეობის კომისია არ იმსჯელებდა.
ამავე წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მსოფლიო პატრიარქისგან გამოგზავნილი პირველი წერილი უპასუხოდ დატოვა.
ზენონის ქმედებასთან დაკავშირებით, სინოდის გუშინდელ განჩინებაში აღნიშნულია, რომ:
"სხდომაზე ყურადღება გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა.
წმინდა სინოდმა განაჩინა: აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის,"- წერია სინოდის განჩინებაში.