დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ტელეკამერებთან აღარ გამოჩენილა. ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად კიდევ რამდენიმე დღე აქვს. პარლამენტი მოსმენას არ გადადებს და საკითხი კენჭისყრაზე სავარაუდოდ სამშაბათს გავა.
"ოცნებამ" უკვე თქვა, რომ მზად არის მელიას დეპუტატის უფლებამოსილება მეორედ შეუჩეროს. შეიცვლება, თუ არა გირაო პატიმრობით, ამის შემდეგ, პროკურატურის შუამდგომლობას, უკვე სასამართლო განიხილავს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების აღსრულებისთვის პარლამენტის თანხმობის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
სამართლებრივი პროცედურები ნათელია, თუმცა "ნაციონალური მოძრაობისთვის" მას მართლმსაჯულებასთან კავშირი არ აქვს, რადგან პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და "ქართული ოცნება" ახლა გამოსავლის ძიების პროცესშია.
მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელსაც არ აქვს რამდენიმე პარტიის ხელმოწერა, მათ შორის არიან "გირჩი" და "მოქალაქეები".
ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ კრიზისის გადასაჭრელად ხელისუფლების გარდა ნაბიჯებს არც "ნაციონალური მოძრაობა" დგამს. "გირჩის" ეს პოზიცია საფუძველი გახდა, რომ 22 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაზე მათი ხელმოწერა არ არის. თუმცა, საქმე რომ პოლიტიკური მნიშვნელობისაა, ამაში ისინი კოლეგებს სრულად ეთანმხებიან.
ვადის ამოწურვის მიუხედავად მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გირაოს თანხის გადახდა ჯერ კიდევ შესაძლებელია. "ოცნებაში" ამბობენ იმასაც, რომ ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება პირველ რიგში სწორედ მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
შეეცვლება, თუ არა ნიკა მელიას გირაო პატიმრობით უკვე პარლამენტის ოფიციალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.