"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მისთვის დაკისრებული გირაოს გადახდაზე ისევ უარს აცხადებს. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ფეისბუკზე დაწერა მას შემდეგ, რაც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს და ნიკა მელიას საკუთარი გადაწყვეტილების გააზრებისკენ მოუწოდა.
"გითხარით - არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით, რომ გადავიხდიდი.
რაც ვთქვი, შევასრულე - გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.
ვერ დამიჭერთ რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მითუმეტეს, არც სამართლიანი.
ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.
ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა.
კიდევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ,"- წერს ნიკა მელია ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა. პროკურატურის განმარტებით გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, რისთვისაც პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება.