17 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ნიკა მელიას დაკავება არ არის ასეთი მარტივი, იმიტომ, რომ ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის დასჯას ნიშნავს - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიმართ დაწესებული გირაოს საკითხი პოლიტიკურ სპექტრში გაკეთებული განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. თუ ნიკა მელია თანხას არ გადაიხდის, საკითხი ხვალ ბიუროს სხდომაზე გავა, მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, სამშაბათს გაიტანს. მმართველმა გუნდმა უკვე თქვა, რომ საკითხს მხარს დაუჭერს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარლამენტის და სასამართლოს გადაწყვეტილებებიც პოლიტიკური იქნება და არა სამართლებრივი:

"მორჩილი უმრავლესობა რას გადაწყვეტს და რომელ ღილაკს დააჭერს ხელს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისევე, როგორც სასამართლოსი. ნიკა მელიას დაკავება, დაჭერა არ არის ასეთი მარტივი, იმიტომ, რომ ზოგადად, თავისუფლებისთვის ბრძოლის და ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში უამრავი ადამიანის, ვინც გავრილოვს აპროტესტებდა, მათ დასჯას ნიშნავს", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი ლაშა დამენია მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება "ქართულ ოცნებას" ქუჩაში პროტესტის სახით დაუბრუნდება:

"როდესაც გირაოს არგადახდის გამო, გირაოთი იჭერ მთავარი ოპოზიციის ლიდერს, ეს "ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელი ალოგიკური მოქმედებაა. ამ ნაბიჯით მიიღებს გასამმაგებულ პროტესტს ქუჩაში," - განაცხადა ლაშა დამენიამ.

პოლიტიკურ დევნად აფასებენ "სტრატეგია აღმაშენებელში" ნიკა მელიას საკითხს. სერგო ჩიხლაძის თქმით, პროკურატურის მოთხოვნის გამო, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მორიგ ჯერზე მოხსნა "ქართული ოცნების" რეპუტაციას კიდევ ერთხელ დააზიანებს.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.  ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა.

პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, რისთვისაც პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება.

დღის ამბები