მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), რომელსაც, სინოდის განჩინებით, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიასთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობაც ჩააბარეს, დღევანდელ ქადაგებაზე აღნიშნულ ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ სკანდალურობაში მის წინამორბედ მიტროპოლიტ გრიგოლს (კაცია) არ გულისხმობს.
"ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს. დარბიხართ ყველა და პოლიტიკურ კითხვებს სვამთ და თუ გინდათ, ჭყონდიდში ჩამოდით, სულიერებისთვის. სკანდალურობა ყველასგან იყო, ვიღაცას აინტერესებდა, ვიღაცამ აიტაცა და გააშუქეს, როგორც აწყობდათ. მე არ ვაპირებ, სკანდალურობის პროპაგანდას. იქ უნდა ვიყო წყნარად და მშვიდად. სკანდალურობაში მეუფე გრიგოლი არაფერ შუაშია, მეუფე მსხვერპლი იყო ამ სიტუაციისა. მას თავის ეპარქია ჰქონდა და დროებით იყო, ვიდრე ვინმე გამოიძებნებოდა,"-განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მან, ასევე, განმარტა, რომ მისთვის ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობის დამატება ნამახვანჰესთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო ერთგვარი სასჯელი არ არის და ამით ამ თემიდან მისი განეიტრალება არ ხდება.
"უცნაური სიტყვებია, ჩემი პოზიცია მაგის გამო არ შემიცვლია და არც არაფერი სასჯელი ეს არ არის. საერთოდ, კავშირში არ არის. სინოდმა გადაწყვიტა, რომ ჭყონდიდში გადაეყვანა ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ამ შემთხვევაში მე აღმოვჩნდი, არა იმიტომ, რომ ნეიტრალიზაცია უნდა გაეკეთებინათ ჩემი, ასეთი რამე არ არსებობს. ჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის ის, რომ ხალხს უნდა მოვუსმინოთ,"-განაცხადა მიტროპოლიტმა.