"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიმართ დაწესებული გირაოს გადაუხდელობის საკითხზე და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსალოდნელ მოხსნასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია სიტუაციას განგებ ამწვავებს:
"ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ რამეს, რომ აღკვეთის ღონისძიება,რომელიც შეფარდებული ჰქონდა ნიკა მელიას, მას არ გაუპროტესტებია, აქამდე რაც ჰქონდა. მან დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები, ამიტომ ხდება დამძიმება. მათ შორის, პროკურატურა ითხოვდა დამატებით გირაოს გადახდას და თუკი რაიმე გართულდა და დაკავება თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გადაწყვეტენ ჩვენი ოპონენტები. ეს იქნება მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ გაამწვავონ სიტუაცია.
რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას - ჩვენი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, ის, რომ ამ ქვეყნის კანონებს ყველამ უნდა სცეს პატივი და სადეპუტატო იმუნიტეტი არ წარმოადგენს პრივილეგიას,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა.
პროკურატურის განმარტებით გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, რისთვისაც პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება.