ორი აქცია ერთმანეთის პარალელურად - თბილისსა და თელავში აქტივისტები და უფლებადამცველები შეიკრიბნენ, რომლებიც ბახმაროში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ მდინარე ბახვისწყალსა და მის შენაკადზე ჰესის მშენებლობა კურორტ ბახმაროს უნიკალური სარეკრეაციო ტერიტორიას დააზიანებს. აქციის მონაწილეების განმარტებით, მშენებლობა საფრთხეს უქმნის არა მარტო მდინარის ხეობას, არამედ ზოგადად რეგიონის მდგრად განვითარებას. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღესვე პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
კურორტ ბახმაროში დაგეგმილი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებულ პროტესტს თელავშიც შეუერთდნენ. სამოქალაქო აქტივისტებმა სახელწოდებით "გადავარჩინოთ ბახმარო" აქცია გამართეს და "ბახვი 1 ჰესის" წინააღმდეგ კამპანიას მხარი დაუჭირეს.
მათი თქმით, საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა იქ განთავსებული კაშხალი დაინგრეს და მიმდებარე რამდენიმე სოფელი სრულად გაანადგუროს.
აქტივისტებმა პეტიციაზეც მოაწერეს ხელი.
პროექტთან დაკავშირებით, მემორანდუმი ეკონომიკის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანიას შორის გასული წლის აგვისტოში გაფორმდა, რომლის მიხედვით, დაგეგმილია 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
ანალოგიური საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისსა და ბათუმშიც.