19 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
"ვეცდებით უფროსი ძმის როლებში არ ვიყოთ, ძალიან ძნელი კი იქნება" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი პეტრე ცაავაზე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა უძღებ შვილად მოიხსენია და მის მიერ შეცდომების მონანიების და  დაბრუნების იმედი გამოთქვა, სინოდის წევრები ეხმაურებიან. ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება, მღვდელმთავრები შეეცდებიან, რომ არ იყვნენ უფროსი ძმის როლში "უძღები შვილის იგავიდან​":

"პატრიარქი მზად არის პატიებისათვის, აქ მეორე მომენტია, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მეუფე პეტრემ მარტო პატრიარქს არ მიაყენა შეურაცხყოფა, მთელ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა და ყველას, მათ შორის მღვდელმთავრებს. მე ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვეცდებით უფროსი ძმის როლებში არ ვიყოთ, ერთადერთი ეს შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან ძნელი კი იქნება," - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრე (ცაავას) ქმედებებზე იმსჯელებს. სინოდის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებაში წერია, რომ მიტროპოლიტი პეტრე სინანულისათვის მიცემულ ვადას ბოროტად იყენებს და კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.

სინოდმა განაჩინა, რომ  საკითხთან დაკავშირებით შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის საკითხს და შემდეგ სინოდის სხდომას დასკვნას წარუდგენს.

დღის ამბები