საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა უძღებ შვილად მოიხსენია და მის მიერ შეცდომების მონანიების და დაბრუნების იმედი გამოთქვა, პეტრე ცაავა გამოეხმაურა. პეტრე ცაავას თქმით, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ილია II-მ თავისი თავი დაინახოს უძღებ შვილში:
"ორი პატრიარქია. ერთი, რომელიც ადამიანებს მოწყალე მამად და ქრისტიანად აჩვენებს თავს და მეორე, რომელიც საქმეებით არის ულმობელი, უსამართლო და უკანონო. აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს თვითონ, რომელმა უნდა გაიმარჯვოს მასში, მისი 44 წლიანი მმართველობიდან გამომდინარე, უსამართლო და უწმინდური მმართველობიდან გამომდინარე. ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ თავისი თავი დაინახოს უძღებ შვილში, ვიდრე ეძიოს სხვა. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, თუ მან მართლა ღვთის მადლით იქადაგა დღეს და დღესასწაულის მადლი შეეხო მას და ხელი გამოიწოდა, მაშინ პირველ რიგში გამოიყვანოს უდანაშაულო, ავადმყოფი პატიმარი დეკანოზი მამალაძე საპყრობილიდან, რომელიც მან ჩაასმევინა," - განაცხადა პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრე (ცაავას) ქმედებებზე იმსჯელებს. სინოდის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებაში წერია, რომ მიტროპოლიტი პეტრე სინანულისათვის მიცემულ ვადას ბოროტად იყენებს და კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.
წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის საკითხს და შემდეგ სინოდის სხდომას დასკვნას წარუდგენს.