19 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
არ მახსენდება, რომ პროკურატურას არ მოეთხოვოს გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება - ამირან გულუაშვილი

პროკურორი, ამირან გულუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ბრალდებულის მხრიდან კანონის დარღვევა, მათ შორის, გირაოს თანხის არგადახდა, პროკურორი ვალდებულია, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე.

"რაც შეეხება ჩვენს პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას, ჩემი სახელით შემიძლია გითხრათ, არ მახსენდება, არ მქონია და არც სხვა შემთხვევები გამიგია ასეთი, რომ საქართველოს პროკურატურას არ მოეთხოვოს გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება. და ეს, არ არის მხოლოდ პროკურატურის პოზიცია, რომელიც მისი დისკრეციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას გულისხმობს.

კანონმდებლობა, როგორც აღვნიშნე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-5 ნაწილი ავალდებულებს პროკურორს, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ბრალდებულის მხრიდან კანონის დარღვევა, მასზე დაკისრებული რაიმე ვალდებულების შეუსრულებლობა, მათ შორის, გირაოს თანხის არგადახდა, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე.

ცალსახად გიდასტურებთ, რომ პროკურატურის პოლიტიკა სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე არის ის, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას და  ბუნებრივია, რომ ნიკანორ მელიას შემთხვევა ნამდვილად არ არის გამონაკლისი. ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში არსებულ კანონმდებლობას ეფუძნება," - განაცხადა ამირან გულუაშვილმა. 

დღის ამბები