17 ნოემბერი 2024,   10:17
ვრცლად
"თუ ბრალდებულს აქვს დასწრების სურვილი, გამოცხადდეს შესვენება და ნიკა მელია დაესწროს პროცესს" - ნიკა მელიას სასამართლო პროცესი რამდენიმე საათია გრძელდება

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს არ ესწრება თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პროცესზე მისი ადვოკატები იმყოფებიან. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს. დარბაზში ადვოკატები პროკურორს კითხვებს უსვამენ.

ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა პროკურორებს მიმართა, ჰქონიათ თუ არა მსგავსი შემთხვევა, როდესაც გირაოს პირობების დარღვევის შემდგომ ბრალდებულს კვლავ გირაო შეეფარდა.

"მსგავსი ლმობიერი დამოკიდებულება, როდესაც გირაოს პირობებს არღვევს ბრალდებული, დაპატიმრების ნაცვლად კვლავ გირაოს უფარდებთ, გქონიათ თუ არა, თუნდაც ერთი შემთხვევა რომელიმე სისხლის სამართლის საქმეში," - მიმართა ადვოკატმა პროკურორებს.

თავის მხრივ, პროკურორმა უპასუხა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ადვოკატების მხრიდან არ გასაჩივრებულა.

დღეს პროცესის დაწყებისას პროკურორმა დააყენა კიდევ ერთი შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ თუ თავად ბრალდებულს, რომელიც სასამართლოდან არის გაძევებული სურს ამ პროცესში მონაწილეობა, გამოცხადდეს რამდენიმე წუთიანი შესვენება და ბრალდებული მივიდეს სასამართლოში, ამას კი სასამართლოში მცირე კამათი მოჰყვა. 

"თუ ბრალდებულს აქვს სურვილი დასწრების, გამოცხადდეს შესვენება და ბრალდებული ნიკა მელია დაესწროს პროცესს," - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ადვოკატების განცხადებით კი, სხდომათა დარბაზიდან გაძევებული ბრალდებული პროცესზე დასწრების შუამდგომლობით მიმართავს თუ არა სასამართლოს, ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა.

ამასთან დაკავშირებით, პროკურორმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს წინა პროცესზე, განემარტა სასამართლოს მხრიდან, რომ ნიკა მელია გაძევებულია და დაფიქსირდა პოზიცია, რომ მას სხდომაზე დასწრება არ სურს.

ადვოკატების განმარტებით კი, ის ფაქტი, რომ ნიკა მელია სხდომიდან გაძევებულია და ის სასამართლო პროცესებს არ ესწრება, არ შეიძლება ბრალდებულის მხრიდან შესაძლო მიმალვის საფრთხედ ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა. პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, ამისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდა. პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები