აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ.
"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა," - ნათქვამია განცხადებაში.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაძაბულობაა - ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა სცადეს, განჩინება უშუალოდ ნიკა მელიასთვის ჩაებარებინათ, თუმცა მათ ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ. პოლიციელებმა უარი თქვეს, განჩინება მელიას ადვოკატისთვის ჩაებარებინათ, მათ, მოგვიანებით, ტერიტორია დატოვეს.