მეწარმე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების მნიშვნელობაზე საუბრისას ამბობს, რომ დაძაბულობა და პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში უნდა დასრულდეს და მხარები შეთანხმდებამდე უნდა მივიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ მოქალაქეების კეთილდღეობას უშლის ხელს.
"მე ვარ მოქალაქე, ჩემი პატარა საქმიანობა მაქვს, ვარ ყველის ისტორიის მკვლევარი, მინდა რომ ეს სეგმენტი განვითარდეს, მინდა ტურიზმი. პანდემიამ შემიშალა ხელი, პოლიტიკურმა კრიზისმა შემიშალა ხელი, ადამიანების ასე გადაკიდებამ.
ყველაფერი მისაღებია, თუკი ეს დაგვაახლოებს, თუკი ჩვენს ინტერესებს გახდის კონსტრუქციულს და ქვეყანაზე ფიქრს თუ დავაწყებინებთ ამ ორ ძალას, რომლებსაც ერთს დარჩენა უნდა, მეორეს მოსვლა უნდა, თუ ეს ვნება პოლიტიკური მიემართება ჩვენი სიკეთისკენ, რაც არის საბოლოო მიზანი ყველანაირი პოლიტიკური მანიპულაციების, არჩევნების და ა.შ. საბოლოო ჯამში, ხომ ჩვენთვის კეთდება. მე მაინტერესებს, პლებისციტიც, მეორე არჩევნებიც, მესამეც და ა.შ. ოღონდ დასხდნენ ეს ადამიანები და როგორმე შეთანხმდნენ იმაზე, ქვეყანას რა უშველონ.
არ მაინტერესებს ამათი პოლიტიკური ვნებები, არ მაინტერესებს ნიკა მელიას დაიჭერენ თუ არა, ნუ დაიჭერენ, დაჭერის წინააღმდეგი ვარ თუ ადამიანმა ადამიანი არ მოკლა, საერთოდ არ მინდა ვინმე ციხეში იყოს, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის დღეს მნიშვნელოვანი, მარსზე მიდიან, ფოტოს იღებენ და მე აქ მელიას დაჭერაზე მალაპარაკებთ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი,“ - ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.