17 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიყავით ყოველთვის, ველოდებოდით ოპოზიციას, ულტიმატუმების გარეშე - ახალი არჩევნები არ იქნება" - სოზარ სუბარი

ამერიკელი კონგრესმენების განცხადებებს, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ, შეფასებები და გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ამბობს, რომ უმრავლესობას მოლაპარაკებების მაგიდა არ დაუტოვებია, მუდმივად მზად იყო ოპოზიციასთან დიალოგისთვის, თუმცა კონკრეტული წითელი ხაზები არსებობს, რასაც უმრავლესობა არ გადაკვეთს და ეს ვადამდელ არჩევნებს ეხება.

"მოლაპარაკებების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია. ჩვენ იქ ვიყავით ყოველთვის, ველოდებოდით ოპოზიციას, ოღონდ ულტიმატუმების გარეშე. არანაირი ახალი არჩევნები არ იქნება, არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება. არჩევნები იქნება 2024 წლის ოქტომბერში, თავის ვადაში. სხვა მხრივ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ,“ - ამბობს სოზარ სუბარი.  

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან კეთდება, მიმართულია როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მისამართით.

"ნებისმიერი განცხადება, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში არსებული დიპლომატიური კორპუსის თუ სხვა წარმომადგენლების გაკეთებული, არის მიმართული ორივე მხარის, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაცნობიერებთ და სიფრთხილით ვეკიდებით იმ დემოკრატიულ მიღწევებს, რომელიც გვაქვს, თუმცა ასევე ვიმედოვნებთ, რომ დაძაბულობის და რადიკალიზაციის მაღალი ხარისხი, რომელიც ოპოზიციას გააჩნია და განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას, იმისთვის რომ მაქსიმალურად შეეცადონ ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებზე წაიყვანონ, ჩვენი მხრიდან იქნება სათანადოდ რეაგირებული,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები