პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენას განაგრძობს. უკვე მოუსმინეს ეკონომიკურ გუნდს. ხუთი კომიტეტის წარმომადგენლებმა კანდიდატებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აპირებს პანდემიის გამო დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას ხელისუფლება.
სოზარ სუბარმა ნათია თურნავას მთის კურორტების გახსნასთან დაკავშირებით მიმართა: "ფანტასტიკური თოვლი მოვიდა მთაში და ბარემ, ამ ტონალობაში, თუ მოვასწრებთ, რამდენიც არის დარჩენილი მთის კურორტებს ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცეთ."
ნათია თურნავას თქმით, კი პრიორიტეტია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგეს და ასევე, ფიტნეს კლუბებისა და კერძო საბავშვო ბაღების გაიხსნას.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეიძლება უახლოეს პერიოდში კვლავ დავსვათ განსახილველად შემდგომი, დარჩენილი ინდუსტრიების გახსნის საკითხი. რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად, ამდენი გარდაცვლილია ყოველდღიურად და ეს ისეთი გარემოებაა, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. თუ მკითხავთ პრიორიტეტებს, პირველი პრიორიტეტები ჩემი მოკრძალებული აზრით არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. რესტორნების შიდა სივრცეებში გახსნაზე მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა. ფიტნესები, კერძო ბაღები კვლავაც დახურული რჩება. რა თქმა უნდა ვეხმარებით, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრნენ და ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე, ალბათ მარტის თვეში უნდა ვიფიქროთ დარჩენილი დარგების გახსნაზე," - განაცხადა თურნავამ.