გამოუცხადებს თუ არა ნდობას საკანონმდებლო ორგანო განახლებულ მინისტრთა კაბინეტს - კენჭისყრა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამი საათისთვის იგეგმება.
მანამდე კი მინისტრობის კანდიდატები "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ამჯერად, ფრაქციის ფორმატში შეხვდებიან.
კანდიდატები შეხვედრას აპირებენ ოპოზიციურ ჯგუფთანაც, თუმცა ამ შეხვედრას "ევროპელი სოციალისტები" არ დაესწრებიან.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილებაა: პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ჯუანშერ ბურჭულაძე. მაია ცქიტიშვილის ჩანაცვლებას კი მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე აპირებს. ყველა სხვა მინისტრი თანამდებობაზე რჩება.
"უმრავლესობა მზად არის, რომ მინისტრთა კაბინეტს სრული შემადგენლობით გამოუცხადოს ნდობა. ეს არის პროფესიონალებით, გამოცდილი და საზოგადო მოღვაწეებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც 2024 წლისთვის ჩვენი ქვეყანა უნდა მოამზადოს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.