ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური გზავნილები არ მოსწონს ოპოზიციას - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოწინააღმდეგეები აკრიტიკებენ.
"როგორც ჩანს, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებები. ნამდვილად არ იმყოფება დღეს "ქართული ოცნება" და ხელისუფლება იმ პოზიციაში, რომ ოპოზიციას და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით ესაუბროს. ახლა თუ ოდნავ მაინც გონიერების ნატამალი აქვს შერჩენილი ხელისუფლებას, დროულად უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას და დროულად მოვნახოთ საერთო გზა, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ ახლა ხელისუფლების ვალდებულებაა გადადგან ნაბიჯი დიალოგისკენ ვადამდელი არჩევნების სვლის საკითხზე და ასევე პოლიტდევნის დასრულების.
"თუ ისინი აი ამ სულისკვეთებით იმოქმედებენ და ძალისმიერ ნაბიჯებზე წამოვლენ, ამით ქვეყანას დააზიანებენ და თავს დაიღუპავენ და ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს იქნება დაჩქარება ამ ხელისუფლების დასასრულის," - აცხადებს გიგა ბოკერია.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს. მისი თქმით, ამ ორ პარტიას უბრალოდ ჩხუბი უნდა და ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც შერიგებას უშლის ხელს.
"ვინაიდან არც ერთმა სხვა თამაში გარდა ერთმანეთთან ჩხუბისა არ იცის, ორივენი მოწადინებულები არიან იჩხუბონ და ახალ-ახალ მიზეზებს პოულობენ ყოველდღიურად საჩხუბრად," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ არის ძალიან ცხადი, რაც საერთო ოპოზიციური მოთხოვნებია, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შედგეს მოლაპარაკებები.