ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დღევანდელი დღით ხელისუფლებამ თავისი სახე აჩვენა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე ქართველ ხალხს.
"დღევანდელი დღე კატასტროფულ გზავნილს შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობამ ისევე, როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა დავინახეთ, რომ წითელი ხაზი გაივლო და 23 თებერვალს ივანიშვილის და ღარიბაშვილის წყალობით გავიღვიძეთ საბჭოთა კავშირში.
23 თებერვალს წითელი არმიის დღეს, რომელსაც ალბათ რუდუნებით აღნიშნავდნენ ივანიშვილი და ღარიბაშვილი ბავშვობაში, იმიტომ რომ მათი ჭკუა მენტალობა და ყველაფერი რუსეთშია. აბსოლუტურად უგუნური საქციელი ჩაიდინეს, დაარბიეს, ააოხრეს და ათასი სპეცრაზმელის დახმარებით დაიჭირეს ნიკა მელია.
ჩვენ ვნახეთ, რომ გვყავს პოლიცია, რომელიც მოქმედებს როგორც სვავი, მეორეს მხრივ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ერთი კაცის დასაჭერად ამ კატასტროფულ სურათს ანახებს მთელ მსოფლიოს და რისკავს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლით და რაც მთავარია ეს არის გზავნილი, რომ მე ვიქცევი, როგორც პუტინი და ლუკაშენკო.
ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დაგვიჭერენ? __ ათასი სხვა აქტივისტი აიღებს ხელში დროშას. რაც არ უნდა ქნან, არავითარი დაჭერები, არავითარი რეპრესიები არ გაგვაჩერებს!
ივანიშვილმა გადალახა ის რუბიკონი, რომლის შემდეგაც ადრე იქნება თუ გვიან ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს, იმიტომ რომ ეს არის თავისუფალი საქართველო და ამ რუსის შნირს, თავისუფალ საქართველოში არაფერი არ ესაქმება. პოლიტიკური პროცესები ქუჩაშიც გადაინაცვლებს, დღეს დაიგეგმა კანცელარიასთან უკვე აქცია,"-აღნიშნა გიგი უგულავამ.