მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. შეშფოთებას გამოთქვამს შექმნილი ვითარების გამო და მოწოდებით გამოდის, რომ სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და პოლარიზაციის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გაკეთდეს:
"შეშფოთებული ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა და ამ ყველაფერმა კი შეიძლება ძალიან ბევრი რამე და ვინმე დააზიანოს.
გულდასმით გავეცანი უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს. საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს- ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს.
იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება, არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა. გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ.
ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი ავადსახსენებელ 90-იანებს დაემთხვა. დღემდე თვალებიდან არ ამომდის ის საშინელი შედეგი, რაც საზოგადოების პოლარიზებამ საქართველოს მოუტანა. მჯერა, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდება და ყოვლადმოწყალე უფალი დაგვიფარავს ამგვარი განსაცდელებისგან.
ქრისტემიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ ვილოცოთ, ვიყოთ მშვიდად, ჩვენი ძალები გაერთიანებისაკენ მივმართოთ და არა პოლარიზებისკენ, გულში ჩავიკრათ ერთმანეთი და არ მივცეთ მტერს უფლება, რომ ჩვენი დაპირისპირებით გაიხაროს," - ნათქვამია ეპისკოპოსის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.