19 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
შევეცდებით ხმა მივაწვდინოთ ნიკა მელიას, ჩვენ გაჩერების დრო არ გვაქვს - ზაალ უდუმაშვილი დაანონსებულ მსვლელობაზე

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება - დღეს დაგეგმილია ავტომობილებით მსვლელობა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე, იქ სადაც ნიკა მელია ხელბორკილებით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან გადაიყვანეს. გამამხნევებელ აქცია-პერფორმანსს შეუერთდებიან პოლიტიკოსები და პარტიების მხარდამჭერები.

"ჩვენ შევეცდებით, რომ კოლონით გავიაროთ მთელი გზა და შემდეგ უკვე ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ნიკა მელიას, გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი სოლიდარობა, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ნიკა ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს.

უახლოესი გეგმა არის 26 თებერვლის აქცია, სადაც შევიკრიბებით ფილარმონიასთან და გავმართავთ მსვლელობას და ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შემდგომ აქციები. წინასწარ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გაჩერების დრო არ გვაქვს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

დაანონსებულია კიდევ ერთი მსვლელობა პარასკევს 26 თებერვალს. იქამდე კი კარვებია გაშლილი რუსთაველის გამზირზე, სადაც რამდენიმე აქტივისტმა და მათ შორის, პოლიტიკოსმაც ღამე გაათენა.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება და უფრო გაიზრდება.

"მშვიდად ჩაიარა ღამემ. ბუნებრივია ეს პროტესტი აქ არ გაჩერდება, გაიზრდება, კარვები დაემატება. პროტესტი გავშალეთ თელავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში. ყველა პოლიტიკოსისთვის ღია არის ეს სივრცე, მოვიდნენ, დადგნენ. აქ საუბარი არ არის ახლა პოლიტიკურ გემოვნებაზე, საუბარი არის სიმართლეზე და სიმართლე არის ის, რომ არჩევნები არის მოპარული, პოლიტიკური დევნა სახეზეა და დიქტატურისკენ მივდივართ. ეს უნდა შევაჩეროთ," - აღნიშნა "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ს წევრმა გიორგი მუმლაძემ.

  

დღის ამბები