ნიკა მელიას საქმე იქნება თუ არა მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსადმი დამოკიდებულებას შეცვლიან - ამის მოლოდინი აქვს ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებულია, რომ მელიას დაკავებას კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან და არ უკვირთ, რომ დასავლეთი ტონს უფრო და უფრო ამკაცრებს.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ნიკა მელიას მიმართ განხორციელებული ქმედებები, მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესების მიზეზი გახდეს:
"ეს არის ტალღა, რომელმაც წალეკა პრაქტიკულად "ქართული ოცნება" და მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას", მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ მსახურებს, რომ ამ ტალღის შემდეგ, არის უკვე მეორე, ძალიან დიდი ტალღა, რომელიც დარწმუნებული ვარ, დაწესდება ძალიან მალე, ეს არის უკვე საერთაშორისო სანქციები. ჩვენ მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო სანქციებზე, არა მხოლოდ მთავარი ოლიგარქის წინააღმდეგ, არამედ იმ პოლიციელების, მაღალჩინოსნების, პროკურორების, მოსამართლეების, ვინც უშლიან ხელს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც კრიტიკის არა ტალღა, არამედ ზვავი დაატეხა:
"ეს არ არის კრიტიკის ტალღა, ეს არის ზვავი, რომელიც საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც დაატეხა "ქართულმა ოცნებამ". კარგად ჩანს ამ განცხადებებიდან, სადამდე მივიდა დღეს საქართველო, როდესაც ამერიკის კონგრესის ორივე პალატის წამყვანი წარმომადგენლები დაწერილ დოკუმენტში იყენებენ ტერმინს პოლიტიკური პატიმარი, კონკრეტული გვარების ჩვენებით. როდესაც ისინი წარსულ დროში ლაპარაკობენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე და ამბობენ, რომ რაც დაგრჩათ ამ გზიდან, იქიდან მაინც ნუ გადაუხვევთო. ეს არის კატასტროფა," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას არ გაითვალისწინებს, სანქციების დაწესება რეალური გახდება:
"ჩვენ ნუ მოვიტყუებთ თავს, სახელმწიფო პრესტიჟი, იმიჯი უკვე დაზიანებულია და მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", რომ კიდევ უფრო მეტად ნუ დააზიანებს. ჩვენ აღარ ვზრუნავთ "ქართული ოცნების" იმიჯზე და პრესტიჟზე, სახელმწიფოს პრესტიჟზე, სახელმწიფოს ფუნდამენტურ ინსტიტუციებზეა საუბარი. თუ არცერთი ეს მოწოდება, სურვილი, გათვალისწინებული არ იქნება ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე უშუალოდ სანქციები, შეიძლება პიროვნულიც,"- აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ის რაც ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიის ოფისში მოიმოქმედა, შოკისმომგვრელი იქნებოდა ნებისმიერი დასავლელი ადამიანისთვის და შესაბამისად რეაქციაც მოსალოდნელი იყო:
"რაც არ უნდა იძახოს ხელისუფლებამ და დაიკვეხნოს ის, რაც მართლა ძალიან კარგია, რომ მსხვერპლი არ არის, ჯერ ერთი ჩანდა, რომ წინააღმდეგობა არ იყო გაწეული და ამან გამორიცხა მსხვერპლი. მაგრამ ის, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისს გარედან მიაყენეს სახანძრო მანქანები, სპეცრაზმი ჭერიდან ძვრებოდა და ლამის ფანჯრებში ვარდებოდა, ეს არის შოკისმომგვრელი კადრი ნებისმიერი დასავლელი ადამიანისთვის," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.