ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია "კოვაქსის", "ფაიზერის" და საქართველოს მხარის მონაწილეობით, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.
გაბუნია აცხადებს რომ "ფაიზერისგან" საქართველო ვაქცინას მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს.
"ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები "ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია "კოვაქსის", "ფაიზერის" და საქართველოს მხარის მონაწილეობით, რა დროსაც ყველა დეტალი დაზუსტდება და უკვე გვეცოდინება, ზუსტად როდის მივიღებთ შეპირებულ 29250 დოზას, რაც "კოვაქსის" პლატფორმის საშუალებით, საქართველომ პირველ კვარტალში უნდა მიიღოს.
ამ დოზებს თებერვლის ბოლომდე ველოდებოდით, თუმცა "ფაიზერის" მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება მოხდა. ამდენად, მიმდინარე პერიოდში, ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით "ფაიზერისგან".
რაც შეხება "ასტრაზენეკას", ასევე "ასტრაზენეკასთან" მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც "კოვაქსის" პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ "ასტრაზენეკასთან". მიმდინარე დღეებში დაზუსტდება დეტალები, "კოვაქსის" პლატფორმის საშუალებით რა რაოდენობას მივიღებთ "ასტრაზენეკას" ვაქცინას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.