არსებობს თუ არა სამართლებრივი გზები იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს - პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე იურისტები ალბათ ნახავენ სამართლებრივ გზებს.
როგორც "დღის კურიერში" სტუმრობისას კუჭავამ განაცხადა, მას სურვილი აქვს, რომ მალე განიმუხტოს პოლიტიკური ვითარება.
ამასთან, კუჭავას თქმით, მას სურს ოპოზიცია პარლამენტში, რომელიც გააკრიტიკებს.
"არავის ციხეში ყოფნა არ არის მიზანი, მაგრამ არ ვიცი ამაზე ვინმემ თუ შეიძლება დასვას კითხვის ნიშანი, კანონის დამრღვევმა პასუხი უნდა აგოს. არავინ არ დგას კანონზე მაღლა და არავისთვის არ უნდა გაკეთდეს გამონაკლისი. გამოსავალი რა შეიძლება იყოს, ამაზე ალბათ ადვოკატები უფრო ნახავენ სამართლებრივ გზებს და შესაბამისს ნაბიჯებს გადადგამენ.
პირადად მე, სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე განიმუხტოს ეს მდგომარეობა, ქვეყნის განვითარებისთვის არის ეს აუცილებელი. აპელირებენ, რომ ჩამოვშორდით ევროინტეგრაციის გზას, თვითონ როგორ ხედავენ, ქუჩიდან ხედავენ ევროინტეგრაციაში შესვლას?! პარლამენტში უნდა იყვნენ და იქ უნდა გვესაუბრონ იმ საკითხებზე, თუ რამე არ მოსწონთ. მე მინდა ოპოზიცია იყოს პარლამენტში, რომელიც გამაკრიტიკებს. შეურაცხყოფის მოყენება ეს კიდევ სხვა საკითხია, რომელიც ჩვეულებრივი დღისწესრიგი გახდა და ნორმალურ ფაქტად არის აღქმული. ვერ განვვითარდებით თუ არ გავერთიანდით ქვეყნის შიგნით. ერთი ერი ვართ და ერთიანობა ვერ მოხდება, ნაწილი თუ პარლამენტშია და ნაწილი თუ ქუჩაში. ზუსტად ეს არის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა კახა კუჭავამ.