19 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
უხვი ნალექი თბილისში - მერიის ინფორმაციით, ქუჩებში 200 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

"თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.

ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია: სამადლოში, ბეთანიაში, წყნეთში, ტაბახმელაში, ოქროყანაში, კიკეთში, კოჯორში, სოფელ დიდგორსა და მუხათგვერდში. სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული სოფელ ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში. იწმინდება ასევე, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და შიდასაუბნო გზები.

სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები