17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია, მათი მართვა კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და გამოცდილებას.

"აღნიშნულ რეფორმას და ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ჩართულები არიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარება.

სწორედ ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ვქმნით სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვთ საკმარისი პოტენციალი, რომ წამყვანი როლი შეასრულონ ეკონომიკის გარკვეული დარგების განვითარებაში. რეფორმა საშუალებას მოგვცემს, მივაღწიოთ საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას, რითაც ხელი უნდა შეეწყოს ეკონომიკურ აქტივობაში მათი წვლილის გაზრდას, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ასევე ფისკალურ სივრცეზე ზეწოლისა და ფისკალური რისკების შემცირებას," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები