ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის გამართვის შესახებ აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან ისაუბრა, რომელთა შორისაც იყვნენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სქი-ქროსის მიმართულების დირექტორი კლაუს ვალდნერი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი.
ბაკურიანში 26 - 28 თებერვალს სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.
შეხვედრაზე ნათია თურნავამ ისაუბრა ბაკურიანში მაღალი რანგის სამთო-სათხილამურო ტურნირის ჩატარების მნიშვნელობაზე საქართველოს, როგორც განვითარებული სამთო ტურისტული ქვეყნის პოპულარიზებისთვის. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში საერთაშორისო შეჯიბრებების გამართვას და ამ მიზნით აქტიურად მონაწილეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.