17 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
სამომავლო გეგმები და ხვალ დაგეგმილი აქცია - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ 

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ. კონსულტაციების მთავარი თემა, სამომავლო გეგმები და ხვალ დაგეგმილი აქცია იყო. 

"ყველა დეტალი და ზოგადი კონცეფციური დეტალი გავიარეთ. ხვალ, პირველ საათზე ყველანი ფილარმონიასთან ვიკრიბებით და მსვლელობით მივდივართ რუსთაველზე. ეს აქცია არის მსვლელობა თავისუფლებისთვის. ასევე, დღეს გავიარეთ ის სამომავლო გეგმები, რომელსაც ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ," - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ

ნიკა მელიას გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პერმანენტულ პროტესტი იწყება, მათ შორის დაგეგმილია "სირცხვილის კორიდორების" მოწყობა, შენობების პიკეტირება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა.

"ეს იქნება უწყვეტი პროტესტის დასაწყისი და ყველა მსურველს ექნება დარჩენის შესაძლებლობა რუსთაველზე. იქნება ბუნებრივია პიკეტები, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, იქნება სირცხვილის კორიდორები, როდესაც მთავრობა შეიკრიბება. 88-ვე დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ მათი ზრახვებისა და ქმედებისთვის გადაიხადოთ თავისი პოლიტიკური ფასი," - აღნიშნა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ. 

”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, ბრძოლა ყოველთვის შედეგის მომტანია.

დღის ამბები