17 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"მსვლელობა თავისუფლებისთვის" - ოპოზიციის აქცია დღეს საპროტესტო მსვლელობით დაიწყება

"მსვლელობა თავისუფლებისთვის" - ასეთია ოპოზიციის აქციის სლოგანი, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.

ოპოზიციონერი ლიდერების ინფორმაციით, აქცია დღის პირველი საათისთვის, ფილარმონიასთან, საპროტესტო მსვლელობით დაიწყება, რის შემდეგაც, დემონსტრანტები პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, აქციაზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც დაანონსდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქემ, ვისაც აწუხებს ის მძიმე ვითარება, რაც ხდება ქვეყანაში, მოვიდეს და გააპროტესტოს"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას დისკომფორტს იქამდე შეუქმნის, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

"არ მოვასვენებთ მათ მანამ, სანამ პოლიტპატიმრები იქნებიან ციხეში, ხელისუფლება იქნება უზურპირებული და არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები,"- განაცხადა გიგი უგულავამ. 

"ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი კი, მოქალაქეებს მიმართავს, აქციას შეუერთდნენ.

"ჩვენ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომელიც დაბრმავდა და დაყრუვდა, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლების მოყვარე ადამიანები ცხოვრობენ და ისინი არ დათმობენ თავის თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს,"- აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა პერმანენტული პროტესტის რეჟიმშია. აქციებთან ერთად ეწყობა სირცხვილის კორიდორები, შენობების პიკეტირება, პარლამენტის წინ იშლება კარვები.

დღის ამბები