19 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
"ჟურნალისტი არც გვიხსენებიაო... ბრალს არ აღიარებენ" - ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების ადვოკატი

ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. 

დაკავებულების ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. 

ადვოკატის განცხადებითვე, ბრალდებულებს მომხდართან დაკავშირებით აქვთ საკუთარი ვერსია. მათი თქმით, თავდაპირველად ვახო სანაიასა და ვაჟა გიგაურს შორის მოხდა დაპირისპირება, ხოლო დანარჩენი ორი პირი მათ გაშველებას ცდილობდა.

"წაუყენეს ბრალი სახელაშვილს მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით დევნით, ანუ 156-ე მუხლის მეორე ნაწილით. ხოლო საყევარიშვილს ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობასთან დევნის მუხლით.

საყევარიშვილი ამბობს,  ჩვენ მაშველები ხომ გადაგვიდგნენ, მე რომ მივდიოდი, მიშორებდნენო, შეიძლება შემთხვევით მოვარტყიო და ბოდიშს ვუხდი, იმიტომ, რომ მე განზრახვა არ მქონიაო.

არ აღიარებენ... ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა, საერთოდ, ჟურნალისტი არც გვიხსენებიაო," - განაცხადა ადვოკატმა დავით ჩიხრაძემ.

ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. იზოლატორში უკვე იმყოფებოდნენ ადვოკატები. ამის შემდეგაც სასამართლომ უკვე აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ბრალდება პატიმრობას ითხოვს.

შემთხვევა წყნეთის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. სამივე მოძალადე პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

დღის ამბები